AHD კამერები და ჩამწერები - ეს არის ანალოგური HD-ხარისხის მქონე მოწყობილობები. ისევე, როგორც CCTV სისტემებში, სიგნალი გადაიცემა ჩვეულებრივი კოაქსიალური კაბელით, ოღონდ გადაცემის სტანდარტი აღარ არის სატელევიზიო, შესაბამისად მოხსნილი აქვს ყველა შეზღუდვა - სიგნალის სიმძლავრეზე, გარჩევადობაზე და ა. შ., რის შედეგადაც AHD სისტემებში შესაძლებელია მაღალი ხარისხის - 720p და 1080p გარჩევადობის გამოსახულების მიღება და გადაცემა გაზრდილ - 500 მ-მდე - მანძილებზე. CCTV-ს ანალოგიურად აქაც შეიძლება ქსელის (მაგ. UTP CAT5) კაბელის გამოყენება შესაბამისი ბალუნების დამატებით.
AHD სისტემები თავისი ფასით ახლოსაა CCTV სისტემებთან, ხარისხით კი უახლოვდება IP-სისტემებს, ანუ წარმოადგენს შუალედურ ვარიანტს იაფი და ხარისხიანი სისტემის მისაღებად; არსებული CCTV სისტემის გასაუმჯობესებლად კი AHD საერთოდ უალტერნატივოა ძველი კაბელების გამოყენების შესაძლებლობის გამო.
AHD კამერების მახასიათებლად გამოიყენება მეგაპიქსელები, ისევე როგორც ქსელური კამერებისათვის (თუმცა ხშირად იყენებენ p-პარამეტრსაც). ძირითადად გავრცელდა 1.0, 1.3, 2.0 და 2.2-მეგაპიქსელიანი კამერები.
AHD ჩამწერები უნდა შეესაბამებოდეს გამოყენებულ კამერებს, თუმცა არის გარკვეული თავისუფლებაც - მაგალითად, ერთიდაიგივე ჩამწერზე შეიძლება შეერთდეს 8 ცალი 1.0-მეგაპიქსელიანი კამერა და მას 8-არხიანი ჩამწერი ერქმევა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მასზე 2.2-მეგაპიქსელიანი კამერის მიერთებაც, თუმცა არა 8, არამედ ნაკლები - 2, 4 ან 6 ცალი - დამოკიდებულია ჩამწერის აპარატურულ და პროგრამულ საშუალებებზე. ამისათვის ჩამწერებს მენიუში აქვთ "ციფრული სქემის" პუნქტი, სადაც შეიძლება კონკრეტული სქემის არჩევა.
AHD ჩამწერები, როგორც წესი, ჰიბრიდულია - მათ ასევე შეუძლით IP-კამერების მიერთებაც, ოღონდ ასევე AHD არხების ხარჯზე. ესეც ციფრული სქემის აჩევაზეა დამოკიდებული.
AHD ჩამწერებს შეუძლიათ მიიერთონ ჩვეულებრივი ანალოგური CCTV კამერებიც, პირიქითა თავსებადობა კი - AHD კამერებისა CCTV DVR-ებთან - არ არის.